ეგნატე შამუგია ,,ზუგდიდური შიშები”

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილება დაანონსდა, სადაც შესაძლოა 2014 წელს თვითმმართველი ქალაქის სტატუს მინიჭებული შვიდ ქალაქს ეს სტატუსი ჩამოერთვას. მათ შორის, ზუგდიდს.

ხშირად გვესმის — “დეცენტრალიზაცია”, “ადგილობრივი თვითმმართველობა”, “თვითმმართველი ქალაქი”, “თვითმმართველი თემი”, “მუნიციპალიტეტი” და ა.შ.

​დასაწყისისთვის:

  • ადგილობრივი თვითმმართველობა — თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები
  • ​მუნიციპალიტეტი — დასახლება (თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, ან დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი თემი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი ორგანოები (თვითმმართველი ქალაქი — მერი, თვითმმართველი თემი — გამგებელი), რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები
  • თვითმმართველი ერთეული — მუნიციპალიტეტი
  • თვითმმართველი ქალაქი — ქალაქის კატეგორიის დასახლება
  • თვითმმართველი თემი — რამდენიმე დასახლების ერთობლიობა (მათ შორის, ის დასახლება, სადაც ადმინისტრაციული ცენტრია ენიჭება ქალაქის კატეგორია)

რა მოხდება თუ თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მქონე ქალაქს ეს სტატუსი ჩამოერთვა?

ასეთ შემთხვევაში, ეს დასახლება სხვა დასახლებების ერთობლიობით შექმნილ თვითმმართველ ერთეულში იქნება. თუმცა, თუ მისი მოსახლეობის ოდენობა აკმაყოფილებს ქალაქის კატეგორიისთვის საჭირო რაოდენობას, მის ტერიტორიაზე განლაგებულია სამრეწველო საწარმოები და სოციალურ-კულტურულ დაწესებულებათა ქსელი, ანდა თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა — მას კვლავ რჩება ქალაქის სტატუსი.

​იმ შემთხვევაში თუ ზუგდიდის ჩამოერთვა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ექნება თუ არა ქალაქის კატეგორიის დასახლების სტატუსი?

​დიახ, რადგან ის აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რაც ამ სტატუსისთვის არის საჭირო. იმ შემთხვევაშიც თუ რომელიმე კრიტერიუმს არ დააკმაყოფილებს ზუგდიდის თემის ადმინისტრაციული ცენტრი მაინც იქნება და ამით ამ დასახლების ქალაქის სტატუსის გარეშე დარჩენა არ ემუქრება. მაგალითად, ადმინისტრაციულ ცენტრად არ განისაზღვრება დარჩელი ან ჭითაწყარი. მაშასადამე, შფოთის საფუძველი არ აქვთ იმათ ვინც ფიქრობს, რომ ზუგდიდი სოფელი გახდება და სოფლელობა არ ეკადრებათ, და მხოლოდ ამის გამო ეწინააღმდეგება თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას, ან მათთვის ვინც უახლესი წარსულის ექსკურსები და ისტორიული მნიშვნელობა ესახება ერთადერთ არგუმენტად, ან კიდევ, უარესი — “ზუგდიდი არის და იქნება სამეგრელოს დედაქალაქი”. ბოლო დღეებში ასეთი აზრის მატარებელი კატეგორიაც გამოიკვეთა.

რატომ დეცენტრალიზაცია?

სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისა და ქვეყნის ტერიტორიის განვითარების თანაბარი პირობებისთვის აუცილებელი წინაპირობა სუბსიდიარობის პრინციპებზე დაყრდნობით დეცენტრალიზაციაა. ანუ, ცენტრალური ხელისუფლების ხელში არსებული იმ უფლებამოსილებების გადმოცემა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, რომლის აღსრულება ადგილობრივ დონეზე უკეთაა შესაძლებელი და პირიქით, იმ უფლებამოსილებების ცენტრალურ დონეზე დატოვება, რაც ვერ აღასრულებს ადგილობრივი თვითმმართველობა. ეს პროცესი კი მოიცავს, როგორც პოლიტიკურ დეცენტრალიზაციას ასევე, ადმინისტრაციულ და ფისკალურს, რაც აუცილებელია ადგილობრივი პოლიტიკის გასატარებლად. შესაბამისად, დეცენტრალიზაცია ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:

საკითხი რომლის გადაწყვეტა შეუძლია მოსახლეობას, ამის უფლებამოსილება დარჩეთ მათ და არა ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს

უფლებამოსილებების განაწილება ხელისუფლების დონეებს შორის, კომპეტენციების მიხედვით

დაბალი დონეებისთვის მაქსიმალურად ყველა იმ უფლებამოსილების გადაცემა, რომლის აღსრულებისთვის შესაბამის კომპეტენციებს ფლობს

რა უპირატესობა გააჩნია თვითმმართველი ერთეულების რაოდენობის ზრდას და მათთვის ყველა იმ უფლებამოსილების გადაცემას, რომლის აღსრულება ყველაზე უკეთ მათ შეუძლიათ?

​დავიწყოთ იმით, რომ მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს მდგომმა დონემ ბევრად უკეთე იცის თუ სად რა გამოწვევა, რომელ სოფელში რა პრობლემას აწყდება მოსახლეობა, ვიდრე ცენტრალური ხელისუფლების ორგანოს რომელიმე ბიუროკრატმა, რომელსაც ეს ადგილი რუქაზეც კი არ ექნება ნანახი. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მცირე მასშტაბებზე განხორციელება თვითმმართველობა, მით უფრო დროულად და ეფექტურად მოხდება საკითხის მოგვარება, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო, რომელიმე ზედა დონის შემთხვევაში. მოსახლეობა თვითონ განსაზღვრავს თუ რომელია მისთვის პრიორიტეტული — გარე განათება თუ სარწყავი სისტემა. ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებისგან განსხვავებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები ყოველდღიურ ურთიერთობაში არაინ ადგილობრივ მოსახლეობასთან და გამოხატავენ მათ ინტერესებს. ეს ყველაზე უკეთ ჩანს მცირე ზომის ერთეულებში, სადაც მოსახლეობა უშუალოდ იცნობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალური სერვისების მიწოდების პროცესში გამჭვირვალობასა და მოსახლეობის მიერ კონტროლს. ამასთანავე, არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ მოსახლეობა უშუალოდ ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

დასაწყისში აღნიშნული ინიციატივა იქნება ამ პროცესების საწინააღმდეგო და უკან გადადგმული ნაბიჯი, რაც შეაფერხებს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე თანაბარ განვითარებას.

Facebook Comments
ზედა პანელზე გადასვლა